ფრანგებმა ლეგენდარული Peugeot GTi-ს დააბრუნეს თითქოს ეს ყველაფერი დიდებული მოვლენა უნდა იყოს, მაგრამ ბოლომდე სიახრულს პირადად მე ვერ გამოვხატავ, რადგან ფრანგულმა ბრენდმა ყველაფერ ელექტრო ეპოქას მოარგო და განაცხადა, რომ ახალი GTi „პასუხისმგებლიანია“. ერთი შეხედვით, ეს სიტყვა შესაძლოა მოსაწყენად ან ზედმეტად პოლიტკორექტულად ჟღერდეს, თუმცა სკეპტიციზმის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. Peugeot e-208 GTi სრული სერიოზულობითა და დინამიკური ამბიციებით არის შექმნილი, მას 278 ცხენის ძალა აქვს და 0-დან 100-მდე აჩქარებას სულ რაღაც 5.5 წამი სჭირდება. ჰმ ელექტრო მობილის კვალობაზე ძალიან ნელია. მისი მაქსიმალური სიჩქარეკი 180 კმ/სთ-ს შეადგენს. თითქოს ფრანგებს მარილის მოყრა დაავიწყდათ.
e-208 GTi-ს გამოჩენით კიდევ უფრო ცხელი და კონკურენტული გახდა ბაზარი. Peugeot-მ ამ ბრძოლაში საკუთარი ინჟინერიის საუკეთესო რესურსები ჩართო და ავტომობილის შემუშავება პირდაპირ Peugeot Sport-ის გუნდს მიანდო.
ვიზუალურად e-208 GTi მომენტალურად იპყრობს ყურადღებას. Peugeot Sport-ის ინჟინრებმა წინა ღერძი მთელი 56 მილიმეტრით გააფართოვეს, კლირენსი 30 მილიმეტრით დაწიეს და თვლების კუთხეები უფრო აგრესიულად დააყენეს. 18-ინიანი დისკები და Michelin Pilot Sport 4S საბურავები იდეალურად ჯდება გამოკვეთილ თაღებში. ავტომობილის გარეგნობა არ არის ზედმეტად გადატვირთული და არც ფუტურისტული. ბამპერები ზომიერად დაკუნთულია, ხოლო უკანა ელეგანტური სპოილერი ბუტაფორია როდიაა. ის კარგ აეროდინამიკას უზრუნველყოფს. ერთადერთი გულდასაწყვეტი დეტალი ის არის, რომ დიზაინერებმა ბოლომდე არ გამოიყენეს შანსი, 80-იანების 205 GTi-სთან მეტი კავშირი დაემყარებინათ და გაეცოცხლებინათ ლეგენდა. თუნდაც უკანა მაშუქები მაინც მიემსგავსებინათ საკულტო მოდელისთვის.
ინტერიერში ფრანგებმა ემოციები არ დაზოგეს: კარის გაღებისთანავე თვალში გხვდება კაშკაშა წითელი უსაფრთხოების ღვედები, სპორტული სავარძლები. ხოლო Peugeot-ს საფირმო i-Cockpit-ის კონცეფცია პატარა ჰეტჩბეკში მაღალი მძღოლებისთვის მაინც მოსახერხებელი არ არის. საჭის ისე დაყენება, რომ მან მაჩვენებლების ციფრული დაფა არ დაფაროს, საკმაოდ რთულია. ამასთან, უკანა სავარძლები საკმაოდ ვიწროა და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა საბარგულის მოცულობა კლასის სტანდარტებს აკმაყოფილებს. დაბოლოს სპორტული სავარძლები ტანს იდეალურად კი იჭერს, თუმცა მართვის პოზიცია კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.
ახალი Peugeot e-208 GTi-ი გებზე იმდენად კარგი სამართავია, რომ მას ბრაზიან კრაზანას შევადრიდი. მისი მცირე ზომის საჭე პირდაპირ რეაგირებს მძღოლის ნებისმიერ მკვეთრ მოძრაობაზე. საინტერესოა Peugeot Sport-ის გადაწყვეტილება: Sport რეჟიმში შეგიძლია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა სრულად გამორთოთ. ავტომობილი არ იყენებს ელექტროძრავით დამუხრუჭებას გაზის პედალის აშვებისას, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მხოლოდ ტრადიციული, ჰიდრავლიკური მუხრუჭით აკონტროლოს სიჩქარე. ეს ტრადიციული მართვის მოყვარულებისთვის შესანიშნავი სიახლეა, თუმცა სამწუხაროდ, მუხრუჭის პედალის შეგრძნება ოდნავ რბილი და ნაკლებად ინფორმატიულია.
რეალურ პირობებში, განსაკუთრებით სპორტ რეჟიმში თუ ვივლით, e-208 GTi-ს სვლის მარაგი დაახლოებით 250-260 კილომეტრს შეადგენს. ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც მისი 100 kW-იანი სწრაფი დატენვის შესაძლებლობა, მას მიაკუთვნებს იმ ავტომობილების კატეგორიას, რომლებიც უფრო „შაბათ-კვირის გასართობად“ ან ქალაქში მოკლე მანძილებზე გადასაადგილებლად გამოდგება, ვიდრე შორ გზაზე წასასვლელად. კი საცობით სავსე თბილისში გამოგადგებათ. მეგობრებთან ერთად კახეთშიც წახვალთ და ქუთაისშიც, მაგრამ ბათუმამდე ჩასასვლელად საჭიროა ქუთაისში დამუხტვა.
მიუხედავად ამისა, Peugeot e-208 GTi არის ძალიან ხასიათიანი, მართვისას ემოციური და ნამდვილი სპორტული სულისკვეთების მატარებელი ელექტრო ჰეტჩბეკი. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ ელექტრო ეპოქაშიც კი შესაძლებელია ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელიც მძღოლს მართვისგან ნამდვილ სიამოვნებას მიანიჭებს. რაც შეეხება ფასს: ახალი Peugeot e-208 GTi 39,650 ევრო ღირს. (დღევანდელი ეროვნული კურსის მიხედვით 115,246 ლარია). იაფი ნამდვილად არაა, მაგრამ საინტერესო მანქანაა და პირადად მე ჩინურ ავტომობილს მირჩევნია.