გერმანული საავტომობილო გიგანტი Volkswagen-ი მასშტაბური კრიზისის წინაშეა. ბოლო ინფორმაციით, კომპანია გეგმავს 100,000 სამუშაო ადგილის შემცირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მისი 657,000-იანი პერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეს გეგმა ორჯერ აღემატება ადრე დაანონსებულ მაჩვენებელს და კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული ახალი „გადარჩენის გეგმის“ ნაწილია. არსებული ინფორმაციით, საფრთხე ემუქრება ოთხ ქარხანას, მათ შორის ჰანოვერში, ემდენში, ცვიკაუსა და აუდის ქარხანას ნეკარსულმში. გეგმის მიხედვით, ამ ლოკაციებზე წარმოება შესაძლოა სრულად შეჩერდეს, როგორც კი მიმდინარე მოდელების გამოშვების ვადა ამოიწურება.

მიზეზები და კონტექსტი - VW-ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: გერმანული ქარხნები კონკურენციას ვერ უწევენ სხვა ქვეყნებში არსებულ, უფრო იაფ საწარმოებს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გარკვეულ მოდელებზე კლება შეინიშნება, ასე მაგალითა: ელექტრომობილ ID.Buzz-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოლოდინს. და ბოლოს ჩინური ბაზრის კრიზისი: ადრე ჩინეთიდან მიღებული მილიარდობით მოგება აბალანსებდა გერმანული ქარხნების ხარჯებს, თუმცა ადგილობრივი კონკურენციის ზრდის გამო, ეს შემოსავალი მკვეთრად შემცირდა.

წინააღმდეგობა და პერსპექტივა - ამ გადაწყვეტილებას პროფკავშირებმა „უპასუხისმგებლო მუქარა“ უწოდეს და შეახსენეს მოქმედი შეთანხმება, რომელიც 2030 წლამდე თანამშრომელთა იძულებითი გათავისუფლება და ქარხნების დახურვა (ოსნაბრიუკის გარდა) შეზღუდულია. საკითხი 9 ივლისს VW-ის სამეთვალყურეო საბჭოს უნდა გადაეცეს განსახილველად. კომპანიის მდგომარეობა რთულია: ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის წარმომადგენლები, რომლებიც საბჭოში მნიშვნელოვან ხმებს ფლობენ, აცხადებენ, რომ ქარხნების დახურვა პრობლემის მარტივი და მიუღებელი გადაწყვეტაა.Volkswagen-ის ხელმძღვანელობა კი ხაზს უსვამს, რომ არსებული ბიზნესმოდელი – ავტომობილების გერმანიაში დამუშავება და ევროპაში წარმოება აღარ არის ეფექტური. კომპანია აუცილებლად მიიჩნევს „ყოვლისმომცველ ტრანსფორმაციას“, რათა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე.