„ქემელ ტროფი“ – სახელი, რომელმაც მილიონობით ადამიანი გააერთიანა თავგადასავლების სიყვარულით, თავდაპირველად შეიქმნა, როგორც გრანდიოზული მარკეტინგული კამპანია Camel-ის სიგარეტის ბრენდისთვის. ეს იყო სარეკლამო სვლა, რომელმაც ჟანრის საზღვრები წაშალა და თავად ბრენდსაც გადააჭარბა. პირველი ისტორიული გარბენი 1980 წლის მაისში მოეწყო. სამმა დასავლეთგერმანულმა ეკიპაჟმა გადაწყვიტა უპრეცედენტო გამოწვევა მიეღოთ, დაელაშქრათ ბრაზილიაში ტრანს-ამაზონის ტრასა (Transamazônica) - 1600 კილომეტრიანი ეს მონაკვეთი მხოლოდ რუკაზე იყო დატანილი, რეალობა კი სრულიად სხვა აღმოჩნდა. გზა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. თითოეულ ეკიპაჟში ორი ადამიანი ირიცხებოდა და ისინი მოგზაურობდნენ ნაქირავები, Ford U50 (CJ5) ტიპის ყველგანმავალით.
თავგადასავალი დაიწყო ბრაზილიაში, პარას შტატის დედაქალაქ ბელემიდან (Belém) და დასავლეთით, ამაზონის მდინარეზე მდებარე დასახლება სანტარემისკენ გაგრძელდა, ჯუნგლების გაუვალი ბილიკების გავლით. ეს თორმეტდღიანი გერმანული თავგადასავალი, უფრო ჯოჯოხეთის კარიბჭესთან მიახლოებული გზა აღმოჩნდა. მიუხედავად უმძიმესი პირობებისა, ექვსმა გერმანელმა შეძლო დანიშნულების ადგილამდე მისვლა, რითაც დაამტკიცეს თავიანთი გამძლეობა და ნებისყოფა. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყოდით მათ ტრანსპორტზე. ორი მათგანი ძლიერ იყო დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული, ერთი კი გზად დაიწვა. ამ ერთმა ექსპერიმენტულმა თავგადასავალმა გააღვიძა რაღაც განსაკუთრებული, გაცილებით დიდი, ვიდრე უბრალო მარკეტინგული კამპანია. არაერთმა მედიამ Camel Trophy-ს ყველგანმავლების ოლიმპიადა უწოდა.
Camel Trophy-ის უნიკალურობა მის კონცეფციაში მდგომარეობდა. პირველ რიგში ხაზს უსვამდა გუნდურ მუშაობას. თითოეული ქვეყანა, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავდა, ირჩევდა ორ წარმომადგენელს, რომლებიც გადიოდნენ მკაცრ შესარჩევ ეტაპებს. მონაწილეებს უწევდათ გზის გაკაფვა ჯუნგლებში, მდინარეების ფორსირება, ხიდების აშენება, მანქანების შეკეთება და უკიდურესად რთულ პირობებში გადარჩენა. ღონისძიება ასევე გამოირჩეოდა თავისი ეთიკით: მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მათ მოეთხოვებოდათ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევა, როდესაც ვინმე გაჭირვებაში აღმოჩნდებოდა. ეს ქმნიდა უნიკალურ მეგობრულ ატმოსფეროს, სადაც კონკურენცია ხელს არ უშლიდა თანამშრომლობას.
მიუხედავად მისი პოპულარობისა, Camel Trophy კრიტიკის ობიექტიც გახდა. გარემოსდამცველები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ღონისძიების გარემოზე ზემოქმედების გამო, განსაკუთრებით ტროპიკულ ტყეებში. ხანგრძლივი მოგზაურობები ხელუხლებელ ბუნებაში ზოგჯერ ტოვებდა კვალს, რაც ეწინააღმდეგებოდა გარემოს დაცვის მზარდ ცნობიერებას. ნათქვამია დრო დაუნდობელია, ცვლილებები კი გარდაუვალი. თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ რეგულაციები უპრეცედენტოდ გამკაცრდა, რამაც ლეგენდარული ღონისძიების სპონსორობა სულ უფრო გაართულა, თითქოს უხილავი ბორკილები ადებდა თავგადასავლის თავისუფალ სულს. სამწუხაროდ, 2000 წლის 1-21 ივლისს, წყნარი ოკეანის ეგზოტიკურ მიწებზე, ტონგა-სამოაში Camel Trophy-ის უკანაკსნელი ღონისძიება ჩატარდა. მოგვიანებით კომპანია Land Rover-მა, სცადა მსგავსი კონცეფციების გაგრძელება G4 Challenge-ის სახელით. ყველა მცდელობისა, ვერც ერთმა შემცვლელმა ვერ მოიპოვა ის ურყევი, საკულტო სტატუსი, რაც Camel Trophy-ის ჰქონდა. მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა თავგადასავლების მატიანეში, როგორც უდიდესი გამოწვევა, რომელიც კაცობრიობისა და მანქანის გამძლეობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა