სინგაპურის გრან-პრიზე განცდილი მორიგი რთული უქმეების შემდეგ, ფერნანდო ალონსო Aston Martin-ისა და Honda-სგან დეტალურ განმარტებებს ითხოვს. ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ იაპონური ძრავა მარინა ბეის სხვადასხვა მონაკვეთზე ოპტიმალური კონდიციისგან ძალიან შორს იყო, რამაც რბოლის მსვლელობა სრულად გააფუჭა. წინ სამი მიყოლებით გასამართი საპასუხისმგებლო ეტაპია, ესპანელი პილოტი კი გუნდს ხარვეზების სასწრაფოდ აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. პრობლემებმა თავი ჯერ კიდევ შაბათს, საკვალიფიკაციო ეტაპზე იჩინა, სადაც ალონსოს მეორე სესიაში გადასასვლელად წამის მხოლოდ მეოცედი დააკლდა. თუმცა ნამდვილი კოშმარი კვირას დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ორივე Aston Martin-ს სტარტის აღება პიტ-ლეინიდან მოუწია, AMR26-ის ბოლიდში ჩადგმული ძრავა პილოტს დასახული ამოცანების შესრულებაში ხელს აქტიურად უშლიდა.
რბოლის დასრულების შემდეგ ალონსომ მედიასთან არ დამალა თავისი იმედგაცრუება და აღნიშნა, რომ Honda-ს აგრეგატი ისე ვერ მუშაობდა, როგორც წესი და რიგი იყო. მისი თქმით, გუნდმა მწარე გამოცდილებით აღმოაჩინა ისეთი ხარვეზები, როგორიცაა სიმძლავრის მიწოდების არაპროგნოზირებადობა და ტურბოს დაყოვნება (Turbo Lag) - ეს კი ის დეტალებია, რომლებიც წრეზე პილოტებს ძვირფას დროს აკარგვინებს. ესპანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპებზე, განსაკუთრებით ლას-ვეგასისა (United States GP) და მექსიკის (Mexican GP) ნელ მოსახვევებში, ამ პრობლემების განმეორება კატასტროფული იქნება.
საინტერესოა, რომ თავად ალონსოსთვისაც გაურკვეველია, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი უკუსვლა. მან ბაქოს ეტაპიც გაიხსენა, სადაც პირველი ორი სექტორი საკმაოდ ნელი და არაპროგნოზირებადი იყო, თუმცა იქ Honda-ს ძრავს ტექნიკური გაუმართაობა არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ხარვეზი კონკრეტულად სინგაპურის ტრასის მახასიათებლებსა და პარამეტრებს უკავშირდება. გარდა მართვის დინამიკის პრობლემებისა, სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა ჰიბრიდული ენერგიის გადანაწილების (Deployment) კუთხითაც. 
თუმცა Honda-მ უარყო ალონსოს ეჭვი იმის შესახებ, რომ რბოლის წინ შეცვლილი ტურბო დაზიანებული იყო, თავად პილოტი ყვება, რომ განსაკუთრებით ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის (VSC) რეჟიმის დასრულების შემდეგ, ელექტრონულ სისტემას სრული ქაოსი დაეწყო. ალონსოს თქმით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სისტემა ვერც კი აღიქვამდა, ტრასის რომელ მონაკვეთზე იმყოფებოდა ბოლიდი - ენერგიას იქ იყენებდა, სადაც საჭირო არ იყო, ხოლო სწორ მონაკვეთებზე მანქანას საჭირო სიმძლავრე საერთოდ არ მიეწოდებოდა.