მონტერეის ჰაერი, 7-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უჩვეულო დაძაბულობითაა გაჟღენთილი. აქ ხომ Monterey Car Week ტარდება, სადაც მოწვეული სტუმრები, თავიანთი დახვეწილი მანერებითა და ძვირფასი სამოსით იკრიბებიან, რათა იხილონ რაღაც ისეთი, რაც ჩვეულებრივ მოკვდავთა თვალს მიღმა რჩება. აღნიშნული ღონისძიება სცილდება ტრადიციულ ავტოშოუს ელემენტებს. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კოლექციონერები, ინჟინრები და დიზაინერები იყრიან თავს. 
დიდების სცენას Eccentrica დაუბრუნდა ! ამჯერად იტალიურმა კომპანიამ Lamborghini Diablo-ს ულტრა-ექსკლუზიური Eccentrica V12 Roadster-ი დაანონსა. სანამ ამ ახალ, ქმნილებაზე ვისაუბრებდეთ, მოდით, გავიხსენოთ მისი წინაპარი. 90-იან წლებში, Lamborghini Diablo შეიძლება ითქვას ავტოინდუსტრიის ღმერთი იყო. მისი პლაკატი ყველა მოზარდის საძინებლის კედელს ამშვენებდა. ეს იყო ავტომობილი, რომელიც „Countach“-ის მემკვიდრეობას აგრძელებდა - ის უხეში, ხმაურიანი და იმდენად ფართო გალხდათ, რომ იტალიის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა სრული კოშმარი იყო. მას არ ჰქონდა თანამედროვე ელექტრონული დამხმარეები, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ საჭესთან მოუმზადებელი ჯდებოდი, ის უყოყმანოდ გზიდან გაგისვრიდა. Diablo ეპოქის სიმბოლო იყო, ყველასთვის საოცნებო და სასურველი.

დღეს Eccentrica-ს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი ახალი Roadster-ი „90-იანების Diablo-ს ღირსეული მემკვიდრეა. მათ შეცვალეს ფრთები, დაამატეს სპლიტერები და შეამსუბუქეს დისკები, რათა წონა შეემცირებინათ. ძარა მთლიანად კარბონისგან დაამზადეს, ხოლო შასის კონსტრუქცია კი დამზადებულია კარბონით, არმირებული ფოლადის ჩარჩოს ბაზაზე. კაპოტის ქვეშ, რა თქმა უნდა, 5.7-ლიტრიანი V12 ძრავა იმალება, რომელიც 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს 7000 ბრუნზე. თორქი კი 600 ნ.მ-ს აღწევს და მთავარი, ავტომობილს 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, როგორც ადრე ძველ დროს.

მიუხედავად სახურავის დაკარგვისა, კომპანია ამტკიცებს, რომ Roadster-ი კუპესავით მაქსიმალურ სიჩქარეს 335 კმ/სთ ავითარებს. ოფიციალური პრემიერა პარასკევს, 14 აგვისტოს, The Quail-ზე შედგება. წარმოება? სულ რაღაც 19 ერთეული. ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ის ისეთივე ექსკლუზიური იქნება, როგორც ამ მანქანის მფლობელების საბანკო ანგარიშები. მოკლედ, Diablo-ს ეს ახალი ვერსია ცოტა ისეთივეა, როგორც ძველი როკ-ვარსკვლავი, რომელიც იოგას დაესწრო, მწვანე სმუზი დალია და ახლა გეუბნება, რომ ის ისეთივე „ველურია“ - ვნახოთ, ვნახოთ...