გლობალურ ავტოინდუსტრიასა და ევროპის საკანონმდებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ათწლეულის დასაწყისში დასახული ამბიციური გეგმა, რომელიც 2035 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას ითვალისწინებდა, რეალობასთან შეჯახებისას სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. ევროკომისიის თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომლის მიხედვითაც ახალი ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი ასი პროცენტით უნდა შემცირებულიყო, ეტაპობრივად რბილდება, ხოლო ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფების ბოლო შეთანხმება ავტომწარმოებლებს კიდევ უფრო დიდ მოქნილობას ანიჭებს.
ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალისტებმა და დემოკრატებმა, აგრეთვე ჯგუფმა „ევროპის განახლებამ“ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას, რაც ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის მნიშვნელოვან უკანდახევაზე მიუთითებს. ახალი წინადადების თანახმად, 2035 წლისთვის ახალი ავტომობილების საშუალო გამონაბოლქვი 2021 წლის დონესთან შედარებით 87.5 პროცენტით უნდა შემცირდეს. ეს ინიციატივა უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროკომისიის 2025 წლის დეკემბრის წინადადება, სადაც 90-პროცენტიან შემცირებაზე იყო საუბარი. ახალი შეთანხმება ავტომწარმოებლებს საშუალებას აძლევს, გამონაბოლქვის ნაწილი გაანელონ ევროკავშირში წარმოებული „მწვანე“ ფოლადის გამოყენებით. ეს მექანიზმი არა მხოლოდ ევროპულ ფოლადის წარმოებას უჭერს მხარს, არამედ რეალურ შანსს აძლევს ბაზარს, 2035 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს ჰიბრიდული და შიდაწვის ძრავით აღჭურვილი მოდელები.
2023 წელს მიღებული პირველადი წესი 2035 წლიდან გამონაბოლქვის ასპროცენტიან შემცირებას მოითხოვდა, რაც პრაქტიკულად კრძალავდა შიდაწვის ძრავების წარმოებასა და გაყიდვას. თუმცა, მსხვილმა ავტომწარმოებლებმა და ევრო კავშირის წევრი ქვეყნების - განსაკუთრებით გერმანიისა და იტალიის მზარდმა ზეწოლამ ევროკომისია აიძულა, პოზიციები დაეთმო და კომპრომისზე წასულიყო. გარდა ამისა, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს შუალედურ მიზნებს: 2030 წლისთვის მსუბუქი ავტომობილების გამონაბოლქვის 55 პროცენტით, ხოლო სატვირთო-კომერციული ტრანსპორტის 35 პროცენტით შემცირებას. ასევე იგეგმება ხელმისაწვდომი, მცირე ზომის ელექტრომობილების მხარდაჭერა: ეს კი ადგილობრივ კომპანიებს მისცემს საშუალებას მიიღონ დამატებითი შეღავათები, რაც მათ ეკოლოგიური სტანდარტების ადვილად დაკმაყოფილებაში დაეხმარება.
შექმნილმა ვითარებამ ავტოკომპანიებს შორის აზრთა სერიოზული სხვაობა წარმოშვა. გლობალური ბაზრის წარმომადგენლებიდან ზოგიერთი, მაგალითად შვედური Volvo და კორეული Kia, მკვეთრად ეწინააღმდეგება აკრძალვის შემსუბუქებას. Volvo-ს წარმომადგენელთა განცხადებით, გეგმების შეცვლა დააზიანებს ევროპის კონკურენტუნარიანობას, ხოლო Kia-ში აღნიშნავენ, რომ ელექტრომობილებში უკვე ჩადებული კოლოსალური ინვესტიციების ფონზე კურსის შეცვლა დიდ ფინანსურ ზარალს მოიტანს. მეორე მხრივ, ისეთი გიგანტები, როგორიცაა Volkswagen-ი და Renault, ახალ მიდგომას პრაქტიკული და გონივრული უწოდეს. BMW-ს ორგვარი პოზიცია აქვს - იგი ემხრობა შიდაწვის ძრავების შენარჩუნებას, თუმცა მიიჩნევს, რომ გამონაბოლქვის ლიმიტების გამკაცრება პრობლემის მხოლოდ ზედაპირული მოგვარებაა და არა კომპლექსური. ამავდროულად, Toyota, რომელიც წლებია ეჭვქვეშ აყენებს სრულ ელექტროფიკაციას, კვლავ ამტკიცებს, რომ მხოლოდ ელექტრომობილებზე გადასვლა არ არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან ელემენტების დამზადების სრული ციკლი ხშირად ჰიბრიდულ მოდელებზე მეტადაც კი აბინძურებს გარემოს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია, მას ჯერ კიდევ სჭირდება საბოლოო კანონად ქცევა ევროპარლამენტისა და წევრი ქვეყნების მიერ. მანამდე ოფიციალურ წესად ძველი ნორმები რჩება. თუმცა, საერთო მიმართულება უკვე ნათელია: ევროკავშირი უარს ამბობს მკაცრ აკრძალვებზე და გადადის უფრო მოქნილ მიდგომაზე, სადაც ელექტრომობილები დარჩებიან მთავარ პრიორიტეტად, მაგრამ შიდაწვისა და ჰიბრიდულ ძრავებს კვლავ ექნებათ არსებობის უფლება.