ძიება

Lexus RX-ის გაყიდვების ნახტომი

Lexus RX-ის გაყიდვების ნახტომი

ავტოინდუსტრიის ისტორიას თუ გადავხედავთ, ცოტაა ისეთი მოდელი, რომელმაც მთელი სეგმენტის ბედი იმდენად განსაზღვრა, რამდენადაც ეს Lexus RX-მა შეძლო. 90-იანი წლების მიწურულს გამოჩენილმა ამ ავტომობილმა ფაქტობრივად შექმნა პრემიუმ კლასის კროსოვერის ცნება, სადაც სედანის კომფორტი, უსაფრთხოება და SUV-ის პრაქტიკულობა ერთ სივრცეში გააერთიანა. ათწლეულების განმავლობაში ის ოჯახებისთვის საიმედოობისა და ფუფუნების ეტალონად რჩებოდა, თუმცა დღევანდელ სწრაფად ცვალებად ბაზარზე მისი პოზიციების შენარჩუნება სულ უფრო საინტერესო ფენომენად იქცა.Toyota Motor North America-ს (TMNA) ოფიციალური ანგარიში აჩვენებს, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში Lexus-ის წარმატებას სწორედ ჰიბრიდული მოდელები განაპირობებს. სექტემბერში ბრენდის გაყიდვები 11.4%-ით გაიზარდა (29,837 ერთეული), ხოლო მხოლოდ ელექტრიფიცირებული მოდელების მოთხოვნამ შთამბეჭდავი 47.4-პროცენტიანი ნახტომი აჩვენა. მესამე კვარტალში Lexus-ის ჯამურმა გაყიდვებმა 93,056 ერთეულს მიაღწია (1.6%-იანი ზრდა), სადაც RX-ის წვლილი გადამწყვეტი იყო - წლის პირველ ცხრა თვეში 90,000-მდე გაყიდული ერთეულით მან თითქმის 12-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირა. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ მომხმარებელი შიდა წვის ძრავებზე უარს ჯერ კიდევ არ ამბობს, თუმცა მასზე მოთხოვნა საგრძნობლად შეიცვალა — ადამიანებს სურთ საწვავის მოხმარების მაქსიმალურად შემცირება.ეს ნახტომი არ ყოფილა დიზაინის რადიკალური ცვლილების ან ტექნიკური რევოლუციის შედეგი. მიზეზი მომხმარებლის პრაგმატულ არჩევანში იმალება. ელექტრომობილების მიმართ არსებული ყოყმანისა და საწვავის მაღალი ფასების ფონზე, მყიდველმა იდეალური გამოსავალი ჰიბრიდულ ტექნოლოგიებში იპოვა. სწორედ ჰიბრიდული ვერსიების გაყიდვების 27-პროცენტიანმა, ხოლო Plug-in ჰიბრიდის 21-პროცენტიანმა ზრდამ განაპირობა RX-ის საერთო წარმატება.Lexus RX-ის მთავარი კოზირი ყოველთვის იყო ძრავების მრავალფეროვნება, რაც ყველა ტიპის მძღოლის მოთხოვნას აკმაყოფილებს. RX350-ის სტანდარტული ტურბო-ძრავიდან დაწყებული, ულტრა-ეფექტური RX350h ჰიბრიდით დამთავრებული, Lexus-ი საოცარ ეკონომიურობას გვთავაზობს. განსაკუთრებით ეკონომიურობით გამოირჩევა RX450h+ დატენვადი ჰიბრიდი - მას ერთი სრული დამუხტვითა და სავსე ბაკით 869 კმ-ის გავლა შეუძლია. სპორტული მართვის მოყვარულთათვის კი ხელმისაწვდომია 366-ცხენისძალიანი RX500h, რომელიც მაღალ სიმძლავრესთან ერთად მაინც ინარჩუნებს გონივრულ ეკონომიურობას. საერთო ჯამში, RX-ში ოსტატურად არის გაერთიანებული პრაქტიკულობა და ფუფუნების ელემენტები.ვიზუალურად მოდელმა შეინარჩუნა თავისი დახვეწილი და ცნობადი დიზაინი. იაპონელმა დიზაინერებმა დროთა განმავლობაში რადიატორის ცხაურა უფრო დახვეწილ, რბილ ფორმებად გადააკეთეს. ინტერიერი კი კვლავინდებურად მაღალი ხარისხის მასალებით, ხმაურისგან იზოლაციითა და მძღოლის ასისტენტის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით გამოირჩევა, რაც ბრენდის სავიზიტო ბარათია.საშუალო ზომის პრემიუმ SUV-ების სეგმენტი დღეს ზედმეტად გადატვირთულია ისეთი ძლიერი კონკურენტებით, როგორებიცაა BMW X5 xDrive45e, Mercedes-Benz GLE 450e, Genesis GV80, Volvo XC90 Recharge, Audi Q5 e-hybrid და სხვა. ამ ფონზე, 2022 წელს გამოსული მეხუთე თაობის RX, რომელიც 55,450 დოლარიდან იწყება, ამტკიცებს, რომ ისტორიული რეპუტაცია, საიმედოობა და სწორად შერჩეული ჰიბრიდული სტრატეგია ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე რადიკალური და რისკიანი ექსპერიმენტები.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა