ძიება

ენერგეტიკული შოკები და ავტოინდუსტრია: როცა კრიზისი თამაშის წესებს ცვლის

ენერგეტიკული შოკები და ავტოინდუსტრია: როცა კრიზისი თამაშის წესებს ცვლის

ჰორმუზის სრუტეში შექმნილი დაძაბულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მოწყვლადია მსოფლიო ეკონომიკა ენერგეტიკული შოკების მიმართ. 1973 წლის ნავთობის კრიზისმა ამერიკული საავტომობილო ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და იაპონურ მწარმოებლებს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. დღეს, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ინდუსტრია მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ამჯერად ელექტრიფიკაცია, გლობალური მიწოდების ჯაჭვები და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია თამაშის წესებს მნიშვნელოვნად ცვლის.1973 წლის შემოდგომაზე მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ნავთობზე დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი როდია - ის ქვეყნის სტაბილურობისა და სამრეწველო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ენერგეტიკული ბაზარი შეარყია, საწვავის დეფიციტმა კი განსაკუთრებით მძიმედ ამერიკელ ავტომწარმოებლებს დაარტყა.2026 წელს ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილმა კრიზისმა ეს პრობლემა კვლავ აქტუალური გახადა. ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებებმა და სავაჭრო გემებზე თავდასხმებმა საერთაშორისო ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა. 22 ოქტომბერს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 112 დოლარსაც გადასცდა. ეს მაისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გარემო 1973 წლის მოვლენების ზუსტი გამეორება არ არის, ორივე კრიზისი ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: რა ხდება მაშინ, როდესაც ენერგიის მიწოდების შეფერხება საავტომობილო ინდუსტრიისთვის სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევად იქცევა? 1973 წლის ოქტომბერში, არაბულ-ისრაელის ომის ფონზე, არაბულმა ნავთობექსპორტიორმა ქვეყნებმა ისრაელის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო შემოიღეს. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, აშშ-სა და ნიდერლანდებს. ამავდროულად, ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა მოპოვება შეამცირეს, რამაც უკვე დაძაბულ ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებითი ზეწოლა შექმნა.ნავთობის ფასმა მკვეთრად მოიმატა. საწვავის დეფიციტმა აშშ-ში ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები წარმოქმნა, ზოგიერთ ადგილას კი საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. კრიზისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა და მომხმარებლებს ავტომობილის არჩევანის გადახედვა აიძულა.ამერიკული საავტომობილო ინდუსტრია ამ ცვლილებისთვის სათანადოდ მომზადებული არ აღმოჩნდა. General Motors, Ford და Chrysler ათწლეულების განმავლობაში ისინი მაღალი კუბატურიანი ძრავებით ავტომობილებს აწარმოებდნენ. ეს ერთგვარი ამერიკული კულტურის ნაწილიც იყო. ამის ფარგლებში მომხმარებელს არც აინტერესებდა ავტომობილის ეკონომიურობა. ამერიკული ავტომობილი გამოირჩეოდა დიდი გაბარიტებით, კომფორტითა და სიძლიერით. როდესაც საწვავი გაძვირდა და მისი ხელმისაწვდომობა პრობლემად იქცა, მომხმარებლებისთვის ეკონომიურობა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ცვლილება წარმოების მაჩვენებლებშიც აისახა. ისტორიული მონაცემების თანახმად, Chevrolet-ის აშშ-ში წარმოებული ავტომობილების რაოდენობა 1973 წლის დაახლოებით 2.58 მილიონიდან 1975 წელს 1.76 მილიონამდე შემცირდა. ეს მნიშვნელოვანი ვარდნა იყო, თუმცა ბრენდის წარმოება 823 ათას ერთეულამდე არ ჩამოსულა, როგორც ზოგიერთ მეორეულ წყაროში შეიძლება შეგვხვდეს.კრიზისის შედეგები მხოლოდ წარმოების შემცირებით არ შემოიფარგლებოდა. ამერიკულ მწარმოებლებს ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრა უწევდათ: საწვავის ეკონომიურ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა, საწარმოო ხარჯების კონტროლი და კონკურენცია იმ კომპანიებთან, რომლებსაც ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჰქონდათ. ამერიკული მწარმოებლების პრობლემებმა კონკურენტებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. იაპონური კომპანიები, განსაკუთრებით Honda და Toyota, ეკონომიური და შედარებით კომპაქტური ავტომობილების შეთავაზებით ამერიკულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Honda Civic იყო. 1973 წელს აშშ-ში წარმოდგენილი Civic ბაზარზე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც საწვავის ეკონომიურობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. Honda-ს ოფიციალური ისტორიული მასალების თანახმად, მოდელის გაყიდვები აშშ-ში 1974 წლის 43,119 ერთეულიდან 1975 წელს 100,000-მდე გაიზარდა.

Civic-ის წარმატება მხოლოდ ნავთობის კრიზისით არ აიხსნება. მნიშვნელოვანი იყო მისი ეკონომიურობა, კონსტრუქცია და Honda-ს CVCC ძრავის ტექნოლოგია, რომელიც აშშ-ის გამონაბოლქვის რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევას უწყობდა ხელს. ამ ფაქტორებმა კომპანიას კონკურენტული უპირატესობა მისცა მაშინ, როდესაც ამერიკელი მწარმოებლები საკუთარი მოდელების ადაპტირებას ცდილობდნენ. ნავთობის კრიზისმა, ამგვარად, მხოლოდ ავტომობილების გაყიდვები არ შეცვალა. მან მომხმარებლის პრიორიტეტები გადაალაგა და კონკურენტული უპირატესობის ნაწილი იმ მწარმოებლებს გადასცა, რომლებსაც ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება უკეთ შეეძლოთ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ავტოინდუსტრიამ 70-იანი წლებიდან მიიღო: ბაზრის ლიდერობა მუდმივი არ არის. ენერგეტიკულმა შოკმა შეიძლება მოკლე დროში შეცვალოს ის კრიტერიუმები, რომლითაც მომხმარებელი ავტომობილს ირჩევს.

2026 წელი: ჰორმუზის სრუტე და ენერგეტიკული გაურკვევლობა - დღევანდელი კრიზისი განსხვავებული მასშტაბისა და ხასიათისაა. ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს და საერთაშორისო ენერგეტიკული ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია. ამ გზით ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მოცულობები გადაიზიდება. სრუტეში ნაოსნობის შეფერხება მხოლოდ რეგიონული პრობლემა არ არის. როდესაც ტანკერების გადაადგილებას საფრთხე ექმნება, ენერგიის მიმწოდებლებს ალტერნატიული მარშრუტების მოძიება უწევთ, იზრდება ტრანსპორტირების ხარჯები და გართულებული ხდება მიწოდების დროულად დაგეგმვა.Reuters-ის 2026 წლის 8 ოქტომბრის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვები წინა კვირის საომარი პერიოდის პიკთან შედარებით 27%-ით შემცირდა და დღეში სულ მცირე 10.1 მილიონ ბარელს შეადგინა. ეს ომამდელი მოცულობის დაახლოებით 74% იყო. ამავე დროს, ომანის ყურის სანაპიროსა და წითელი ზღვის გავლით ალტერნატიული ექსპორტი გაიზარდა, რამაც დანაკარგის ნაწილი შეავსო. მიუხედავადისა, რისკები კვლავ მაღალია. Reuters-ის 23 ოქტომბრის ცნობით, ოქტომბერში ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებში კომერციულ გემებზე თავდასხმების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ასეთი ვითარება ზრდის როგორც ენერგეტიკული მიწოდების, ისე საზღვაო გადაზიდვების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ სრუტის სრული ბლოკირება და ნაოსნობის მკვეთრი შეფერხება. გადაზიდვების მოცულობა შეიძლება შემცირდეს მაშინაც, როდესაც საზღვაო გზა ფორმალურად ღიაა. გემებზე თავდასხმების საფრთხე, სადაზღვევო ხარჯები, მარშრუტების შეცვლა და ოპერაციული შეფერხებები საკმარისია იმისთვის, რომ მიწოდების ჯაჭვი გაძვირდეს.როგორ აისახება კრიზისი საავტომობილო ინდუსტრიაზე? - ნავთობის ფასის ზრდა ავტომწარმოებლებზე მხოლოდ ერთადერთი გზით არ მოქმედებს. გავლენა რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება: ბენზინისა და დიზელის გაძვირება მომხმარებელს აიძულებს, ავტომობილის შეძენისას არა მხოლოდ საწყისი ღირებულება, არამედ ყოველდღიური ექსპლუატაციის ხარჯებიც გაითვალისწინოს. თუ საწვავის მაღალი ფასი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ეკონომიურ მოდელებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია. თანამედროვე ავტომობილი ათასობით კომპონენტისგან შედგება. ნავთობი გამოიყენება არა მხოლოდ სატრანსპორტოდ, არამედ წარმოებაშიც (პლასმასი, სინთეზური მასალები, საღებავები, საბურავები და სხვა). შესაბამისად, ენერგეტიკულმა კრიზისმა შესაძლოა ავტომწარმოებლებს კომპონენტების ღირებულება გაუზარდოს. ასევე საზღვაო გადაზიდვების შეფერხება ზრდის დროისა და რესურსების ხარჯს ქარხნებამდე დეტალების მისატანად, რამაც შესაძლოა შეამციროს მოგების მარჟა ან შეცვალოს წარმოების გრაფიკი.

ელექტრომობილი გამოსავალი თუ რისკის ახალი ფორმა? - 1973 წლის კრიზისისგან განსხვავებით, თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრია ელექტრიფიკაციის გარდამავალ ეტაპზეა. ელექტრომობილები ნავთობზე პირდაპირ დამოკიდებულებას ამცირებს, თუმცა ისინი სრულად არ არიან დაცული ენერგეტიკული კრიზისებისგან. ელექტროენერგიის ფასის ზრდა ავტომატურად აისახება დამუხტვის ღირებულებაზე, ხოლო ბატარეების წარმოება კვლავ დამოკიდებულია გლობალურ ნედლეულსა და მიწოდების ქსელებზე. მიუხედავად ამისა, ელექტრიფიკაცია და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია კომპანიებს გრძელვადიან მდგრადობას ანიჭებს.დასკვნა - 1973 წლის ნავთობის კრიზისმა საავტომობილო ინდუსტრიას ეკონომიურობის ფასი ასწავლა. 2026 წელს მთავარი გაკვეთილი უფრო ფართოა: კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ავტომწარმოებლებს არა მხოლოდ ეფექტიანი ავტომობილები, არამედ ენერგეტიკული და ლოგისტიკური შოკების მიმართ მედეგი ბიზნესმოდელებიც სჭირდებათ. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ერთი კონკრეტული ტექნოლოგიით არ შემოიფარგლება - საჭიროა ისეთი მოქნილი სისტემის შექმნა, რომელშიც ერთი მარშრუტის ან რესურსის შეფერხება მთელ ინდუსტრიას კრიტიკულ მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა