ძიება

Subaru-ს ახალი გამოწვევა: ლეგენდარული ოპოზიტური ძრავა 50%-იან ეფექტურობას უმიზნებს

Subaru-ს ახალი გამოწვევა: ლეგენდარული ოპოზიტური ძრავა 50%-იან ეფექტურობას უმიზნებს

იმ დროს, როდესაც ავტოინდუსტრიის უდიდესი ნაწილი სრულად ელექტრომობილებზე გადადის, Subaru საკუთარ ფესვებზე უარს არ ამბობს. იაპონური ბრენდი, რომელმაც ექვსი ათწლეულის განმავლობაში სახელი სიმეტრიული სრული ამძრაობითა და ოპოზიტური (Boxer-ის) ძრავებით გაითქვა, ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევას ეჭიდება. კომპანიის ინჟინრები ახალი თაობის ძრავზე მუშაობენ, რომლის მიზანიც თითქმის წარმოუდგენელი - 50%-იანი თერმული მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) მიღწევაა.თერმული ეფექტურობა მარტივად ითვლება: ის აჩვენებს, საწვავის ენერგიის რა ნაწილი იქცევა რეალურ მოძრაობად. დღევანდელი ბენზინის ძრავების უმეტესობა მხოლოდ 30–35%-იან ეფექტურობას აღწევს, ხოლო უახლესი ჰიბრიდული აგრეგატები 40%-იან ნიშნულს სცდებიან. ამ სფეროში კონკურენცია განსაკუთრებით ჩინურმა კომპანიებმა გაამძაფრეს. Dongfeng-მა 45.18%-იანი შედეგი აჩვენა, Chery კი 48%-ს უმიზნებს. Subaru-ს ამოცანაა, მიაღწიოს 50%-ს ისე, რომ არ დათმოს თავისი საფირმო ოპოზიტური კონსტრუქცია.

სწორედ კონსტრუქცია ქმნის მთავარ საინჟინრო თავსატეხს. სტანდარტულ ძრავებში ეფექტურობის გასაზრდელად დგუშის სვლას აგრძელებენ, მაგრამ ოპოზიტურ ძრავაში დგუშები ჰორიზონტალურად მოძრაობენ. სვლის გაზრდა ძრავას იმდენად გააფართოებდა, რომ ის ჩვეულებრივი ავტომობილის კაპოტის ქვეშ უბრალოდ აღარ ჩაეტეოდა. ამიტომ, იაპონელმა ინჟინრებმა სხვა გზა აირჩიეს და მთავარი აქცენტი ჰაერის ნაკადსა და წვის პროცესის სრულყოფაზე გადაიტანეს. ახალ პროტოტიპში გამოყენებულია უფრო ვიწრო და სწორი შემშვები არხები, რაც ცილინდრში შემავალი ჰაერის სიჩქარეს მკვეთრად ზრდის და საწვავთან მის იდეალურ შერევას უწყობს ხელს. ვიწრო არხებით გამოწვეული წნევის დანაკარგის დასაკომპენსირებლად სისტემაში ტურბო ერთვება. პარალელურად, 3D ციფრული სიმულაციებით იკვლევენ დეტონაციის პრევენციას და ცდიან ცვალებადი გეომეტრიის ტურბინებს, მილერის წვის ციკლსა და წინაკამერიანი აალების სისტემას. შედეგად, ძრავის მაღალი ეფექტურობის სამუშაო დიაპაზონი წინა თაობის ჰიბრიდულ აგრეგატთან შედარებით უკვე ორჯერ გაიზარდა

ამ ამბიციური პროექტის უკან 60-წლიანი უწყვეტი ისტორია დგას, რომელიც 1966 წლის 14 მაისს, კომპაქტური Subaru 1000-ის გამოშვებით დაიწყო. მოკრივეთა ხელთათმანების მსგავსად ჰორიზონტალურად მოძრავი დგუშების კონცეფციამ ავტომობილებს დაბალი სიმძიმის ცენტრი, გამორჩეული ბალანსი და მინიმალური ვიბრაცია მისცა. სიმეტრიულ სრულ ამძრაობასთან ერთად, ამ არქიტექტურამ 1995–1997 წლებში Subaru-ს მსოფლიო რალის ჩემპიონატის (WRC) სამი ზედიზედ მოგებული ტიტული მოუტანა, წარმოებული ძრავების რაოდენობამ კი 16 მილიონს გადააჭარბა.დღეს, როცა ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ბაზრებზე შიგაწვის ძრავები კვლავ მოთხოვნადია, Subaru 2024 წელს წარდგენილ 2.5-ლიტრიან ჰიბრიდულ სისტემას კიდევ უფრო შორს ავითარებს. 50%-იანი თერმული ეფექტურობისკენ სწრაფვა აჩვენებს, რომ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებსა და სინთეტიკურ საწვავთან (e-fuels) ერთად, ტრადიციულ ძრავებს ჯერ კიდევ აქვთ განვითარების რესურსი. Subaru 1000-ის გამოჩენიდან სამოცი წლის შემდეგ, იაპონური ბრენდი ამტკიცებს, რომ ნამდვილი ინოვაცია ყოველთვის წარსულზე უარის თქმას არ ნიშნავს - ხშირად ეს ლეგენდარული იდეების მომავლის გამოწვევებთან მორგებაა.

მსგავსი სიახლეები

ყველა სიახლის ნახვა