უგზოობის მეფე, რომელმაც წესები შეცვალა - INEOS Grenadier Trialmaster X LETECH

2025-07-17 67 ნახვა George Lapherashvili
უგზოობის მეფე, რომელმაც წესები შეცვალა - INEOS Grenadier Trialmaster X LETECH

კომპანია INEOS-მა წარმოგვიდგინა მოდელი, რომელმაც უგზოობის შესაძლებლობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა. თუ გასულ წელს ეს მხოლოდ პროტოტიპული მოდელი ოცნება გახლდათ, დღეს ის უკვე ხელშესახებ რეალობად იქცა – INEOS Grenadier Trialmaster X LETECH ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას!

დიზაინი, რომელიც მზერას იპყრობს

მისი ბრუტალური და დახვეწილი დიზაინი გარშემომყოფთა ყურადღებას უმალვე იპყრობს. თითოეული დეტალი ფუნქციონალურია და უგზოობისთვისაა შექმნილი. პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩაერთო გერმანული კომპანია LETECH, რომელიც მსოფლიოში განთქმულია ოფროუდ ავტომობილების მოდიფიცირებითა და მათი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მიყვანით. ეს თანამშრომლობა ნამდვილი გარანტიაა ხარისხისა და უპრეცედენტო გამძლეობისთვის.

ტექნიკური სრულყოფილება უგზოობისთვის

ამ „მხეცის“ გულში უნიკალური პორტალური ღერძები და გაუმჯობესებული დაკიდების სისტემაა მოქცეული. ეს ინოვაციები უზრუნველყოფს, რომ Grenadier Trialmaster X LETECH ნებისმიერი დაბრკოლება მარტივად გადალახოს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კლირენსის ზრდა – 18.5 სანტიმეტრით მეტია, ვიდრე წინამორბედის. წარმოიდგინეთ, რა განსხვავებაა ეს უგზოობაზე! ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Grenadier-ის წყლის გადალახვის სიღრმე 80 სანტიმეტრიდან 105 სანტიმეტრამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი ღრმა გუბე ან მდინარე ვერ შეაჩერებს მას. უგზოობაზე მოჭიდებას კი 37-დუიმიანი BF Goodrich Mud Terrain-ის საბურავები და 18-დუიმიანი Hutchinson Industries-ის სპეციალური, მსუბუქი დისკები უზრუნველყოფს. ეს კომბინაცია გარანტიაა იმისა, რომ ავტომობილი ნებისმიერ ზედაპირზე უმაღლეს მოჭიდებას შეინარჩუნებს.

გაუმჯობესებული ექსტერიერი და შეუცვლელი ძალოვანი აგრეგატები

ექსტერიერში უამრავი დეტალი გაუმჯობესდა, რაც მის ფუნქციონალურობასა და გამძლეობას კიდევ უფრო ზრდის. მაგალითად: წინ და უკან დამონტაჟებულია ძალოვანი ბამპერები, რომლებიც დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. წინა ბამპერში კი ჩაშენებულია LETECH-ის ბრენდის 4.5 ტონა გამწევი ძალის მქონე ჯალამბარი – ნამდვილი დამხმარე რთულ სიტუაციებში. მარცხენა ფრთაზე შნორკელი გხვდებათ, რაც წყალში ღრმად შესვლის შესაძლებლობას იძლევა. სახურავზე კი საექსპედიციო საბარგული კიბით და დამატებით 5 ძლიერი LED განათება – იდეალურია თავგადასავლებისთვის! ერთი სიამოვნება იქნება ამ მანქანით მთელი საქართველოს შემოვლა.

რაც შეეხება ძრავასა და გადაცემათა კოლოფს, აქ ცვლილებები არ შეუტანიათ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რატომ უნდა შეცვალო ის, რაც ისედაც სრულყოფილია? შეგიძლიათ აირჩიოთ BMW-ს ლეგენდარული 3.0 ლიტრიანი დიზელის (B57) ან ბენზინის (B58) ძრავით. ორივე აგრეგატი ცნობილია თავისი საიმედოობით, სიმძლავრითა და გამძლეობით.

კომფორტი და ფუნქციონალურობა ერთ სივრცეში

ეს პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უსაზღვრო შესაძლებლობების ნათელი მაგალითია. გუნდი მაქსიმალურად შეეცადა, რომ Grenadier Trialmaster X LETECH ყოფილიყო როგორც ფუნქციონალური, ასევე კომფორტული. შესაბამისად, ინტერიერში ყველაფერი ხელუხლებლად დარჩა, რაც INEOS Grenadier-ის ინტერიერს ასე გამორჩეულს ხდის: მულტიფუნქციური საჭე, კოკპიტში ჩაშენებული 12.3-ინჩიანი სენსორული ეკრანი, Recaro-ს კომფორტული სავარძლები, რომლებიც ოფციურად როგორც ნაჭრის, ასევე ტყავით გაწყობილი შეგვიძლია ავირჩიოთ. და, რა თქმა უნდა, პრემიუმ კლასის აუდიო სისტემა – თქვენი მგზავრობა ნებისმიერ პირობებში სასიამოვნო იქნება.

ფასი და ხელმისაწვდომობა

ამ ეტაპზე ავტომობილის შეკვეთა მხოლოდ ევროპის ბაზარზეა შესაძლებელი. ფასიც, რა თქმა უნდა, შესაბამისია ასეთი კლასის ავტომობილისთვის: Grenadier Trialmaster X LETECH-ის ღირებულება €170,000-დან იწყება, ხოლო Quartermaster ვერსიის ფასი €171,000-ს შეადგენს (დღგ-ის გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ძირითადი ნაწილები INEOS-ის ქარხანაში იწარმოება, ხოლო საბოლოო ოფროუდ-მოდიფიკაცია გერმანიაში, LETECH-ის საწარმოში ხორციელდება. ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოდელი უმაღლესი ხარისხისა და გამძლეობის გარანტიაა.


დატოვე კომენტარი