შესაძლოა, უკანა სავარძელზე დიდი ხნის წინ დაყენებული, ერთი შეხედვით სრულიად გამართული ავტოსავარძელი სულაც არ იყოს ისეთი უსაფრთხო, როგორიც გგონიათ. ბავშვის მანქანის სავარძელი წლების განმავლობაში შეიძლება სრულიად იდეალურად, მთელი ღვედებითა და გამართული ბალთებით გამოიყურებოდეს, მაგრამ სადმე იარლიყზე ეწეროს თარიღი, რომლის შემდეგაც მისი გამოყენება აღარ არის რეკომენდებული. შეიძლება ეს ყველაფერი უცნაურია, როგორ შეიძლება ბავშვის დასაცავად შექმნილი ნივთი უსაფრთხო აღარ იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წელი გავიდა. - მიზეზი ის არ არის, რომ სავარძელი კონკრეტულ დღეს მოულოდნელად წყვეტს მუშაობას. რეალურად, მის მასალებს, კომპონენტებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს აქვთ შეზღუდული სასარგებლო ვადა. მანქანის სალონში ტემპერატურის მუდმივი ცვლილებები, ზაფხულის სიცხე და ზამთრის ყინვა, მზის ულტრაიისფერი სხივები, ყოველდღიური ცვეთა და დროთა განმავლობაში განახლებული უსაფრთხოების მოთხოვნები თითოეული მათგანი თავის გავლენას ახდენს.
ბავშვის სათამაშოს ან ავეჯისგან განსხვავებით, ავტოსავარძელი არის დამცავი მოწყობილობა, რომელმაც ექსტრემალურ პირობებში უნდა იმუშაოს. შეჯახებისას მან უნდა დააფიქსიროს ბავშვი და შეამციროს მის პატარა სხეულზე მოქმედი დატვირთვა, რისთვისაც პლასტმასის კორპუსმა, ღვედებმა, ბალთებმა, დამარბილებელმა ქაფმა და სხვა დეტალებმა ზუსტად ისე უნდა იმუშაონ, როგორც გათვლილი იყო. მწარმოებლების უმეტესობა ავტოსავარძლისთვის შეზღუდულ ექსპლუატაციის ვადას განსაზღვრავს. შეერთებულ შტატებში ბევრ მოდელს აქვს დაახლოებით ექვსიდან ათ წლამდე ვადა, თუმცა ზუსტი ლიმიტი ბრენდსა და მოდელზეა დამოკიდებული. ზოგი მწარმოებელი ვადას გამოშვების თარიღიდან ითვლის, ზოგი კი პირდაპირ უთითებს კონკრეტულ თარიღს, რომლის შემდეგაც სავარძლის გამოყენება აღარ შეიძლება.
დროთა განმავლობაში პლასტმასისა და დამარბილებელი ქაფის თვისებები იცვლება, თუნდაც ზედაპირზე თვალსაჩინო ბზარი არ ჩანდეს. სალონის ტემპერატურულ რყევებსა და მზის სხივებს შეუძლია მასალები უფრო მყიფე გახადოს ან შეამციროს მათი ენერგიის შთანთქმის უნარი. პარალელურად, ღვედები განიცდის მრავალჯერად დაჭიმვასა და ხახუნს, ბალთებსა და რეგულატორებში გროვდება მტვერი, სითხის კვალი. გარდა ამისა, უსაფრთხოების სტანდარტები და ტექნიკური მოთხოვნები მუდმივად იხვეწება, რაც ნიშნავს, რომ ძველი კონსტრუქცია შესაძლოა აღარ პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
საგზაო უსაფრთხოების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ და გამართულ დამცავ სისტემას. შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, ავტოსავარძლები ამცირებს ფატალური დაზიანების რისკს მსუბუქ ავტომობილებში 71%-ით ერთ წლამდე ასაკის ჩვილებისთვის და 54%-ით ერთიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო მსუბუქ სატვირთოებსა და კროსოვერებში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 58% და 49% პროცენტს აღწევს. ამავე უწყების 2024 წლის მონაცემებით, საგზაო შემთხვევებისას დაღუპული თოთხმეტ წლამდე ასაკის 1032 ბავშვიდან მგზავრების ნაწილში, რომელთა ფიქსაციის სტატუსიც ცნობილი იყო, 39% პროცენტი საერთოდ არ იყო დამაგრებული ღვედით ან ავტოსავარძლით.
სწორედ ამიტომ არის კრიტიკული, რომ სავარძელი არ იყოს ვადაგასული, სწორად იყოს დამაგრებული ავტომობილში და ზუსტად შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლესა და წონას. გარეგნული სიჯანსაღე და კარგი ვიზუალი ვერ ცვლის გამართულ და ვადიან დამცავ კონსტრუქციას მაშინ, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ეხება. - სანამ შეიძენთ ან ითხოვებთ ბავშვის ავტოსავარძელს, ნუ შეაფასებთ მას მხოლოდ გარეგნული იერით - პირველივე შესაძლებლობისას მოძებნეთ გამოშვების ან გამოყენების ბოლო თარიღი კორპუსსა თუ იარლიყზე და გადაამოწმეთ მისი ისტორია და შენახვის პირობები. თუ ვადა გასულია ან მის წარსულში ეჭვი გეპარებათ, ასეთ სავარძელს ნუ გამოიყენებთ.