რატომ აქვს Porsche-ს გასაღები მარცხნივ? - მითების ანატომია

2026-02-04 171 ნახვა George Lapherashvili
რატომ აქვს Porsche-ს გასაღები მარცხნივ? - მითების ანატომია

ზოგიერთი მითი თაობიდან თაობას ისე გადაეცემა, რომ საბოლოოდ მას უალტერნატივო ჭეშმარიტებად აღიქვამენ. ამ ფენომენს „ურბანულ ლეგენდას“ უწოდებენ. სწორედ ასეთი ბურუსითაა მოცული კითხვა: რატომ აქვს ლეგენდარულ Porsche 911-ს გასაღები საჭის მარცხნივ? ამ საკითხის საბოლოოდ გასარკვევად, საჭიროა პრობლემას მეცნიერულად და ლოგიკურად მივუდგეთ.

არსებობს ორი ძირითადი თეორია, რომლებიც წლებია ერთმანეთს ეცილება. პირველი და ყველაზე პოპულარული ვერსია ავტოსპორტს, კერძოდ კი „ლე-მანის 24 საათიან რბოლას“ უკავშირდება. 1950-იან და 60-იან წლებში რბოლა სპეციფიკური სტარტით იწყებოდა: მძღოლები გზის მეორე მხრიდან მანქანებისკენ გარბოდნენ, ხტებოდნენ შიგნით, ქოქავდნენ ძრავას და იძვრებოდნენ. ლეგენდის თანახმად, Porsche-მ გასაღები მარცხნივ იმიტომ განათავსა, რომ მძღოლს დრო დაეზოგა. მას შეეძლო მარცხენა ხელით დაექოქა მანქანა, ხოლო მარჯვენათი იმავდროულად პირველ გადაცემაში ჩაეგდო.

მეორე ვერსია ბევრად უფრო პროზაულია და „ეკონომიური შვაბების“ კლიშეს ერგება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ევროპაში მასალების დეფიციტი იყო. ვარაუდობენ, რომ ინჟინრებმა გასაღები მარცხნივ უბრალოდ კაბელის დასაზოგად გადაიტანეს. გასაღებიდან სტარტერამდე მცირე მანძილი ნიშნავდა ნაკლებ სპილენძს, ნაკლებ წონას და, შესაბამისად, ნაკლებ ხარჯს.

„კვერცხისა და ქათმის“ დილემის გადასაჭრელად ისტორიულ დოკუმენტებს უნდა ჩავხედოთ. 1948 წლის 8 ივნისს ლიცენზია მიიღო პირველმა ავტომობილმა Porsche-ს სახელით. ეს იყო ლეგენდარული Porsche 356 No. 1 Roadster. საინტერესოა, რომ ამ მანქანას გასაღები უკვე მარცხნივ ჰქონდა! ეს თითქოს ეკონომიურობის თეორიას ამყარებს, თუმცა 1950 წლის მოდელებს გასაღები კვლავ მარჯვნივ იყო განთავსებული. კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება სურათი, თუ 1951 წლის ლე-მანის 24 საათია რბოლას გავიხსენებთ, სადა Porsche-ს გასაღები ტორფედოს შუაში იყო მოთავსებული.

ჩვენ მოვიძიეთ ლე-მანის რბოლებში მონაწილე Porsche-ს მოდელები, შედეგები კი მოულოდნელია:

  • 1953-დან 1955 წლამდე ქარხნული გუნდის სიამაყეს Porsche 550 Spyder-ს, საჭე მარცხნივ, ხოლო გასაღები კი მარჯვნივ ჰქონდა.
  • იგივე ხდება 718 RSK-ის და მისი მემკვიდრეების შემთხვევაშიც.
  • მხოლოდ 1967 წელს გამოჩნდა Porsche 907, რომელსაც გასაღები მარცხნივ ჰქონდა, თუმცა ეს მანქანა თავად იყო მარჯვენასაჭიანი.

სინამდვილეში, ლე-მანის 19 სტარტიდან, სადაც Porsche მონაწილეობდა, მხოლოდ ხუთ მოდელს ჰქონდა გასაღები მარცხენა მხარეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გასაღები მარცხნივ ჯერ სერიულ, „საგზაო“ მოდელებში დამკვიდრდა და მხოლოდ მოგვიანებით გადავიდა სუფთა სისხლის სარბოლო მანქანებში.

მაშ სად არის სიმართლე? - ფაქტები მეტყველებს, რომ ლე-მანის სტარტი ნაკლებად სავარაუდოა ყოფილიყო გასაღების მარცხნივ განთავსების პირველადი მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინჟინრები ამ უპირატესობას ყველა სარბოლო მოდელში გამოიყენებდნენ. უცნაურია, რომ თავად კომპანია Porsche-ს მარკეტინგულ ბროშურებში (მაგალითად, 996 მოდელის შემთხვევაში) ღიად აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რბოლას უკავშირდება. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება Porsche-ს მუზეუმის ყოფილი დირექტორი კლაუს ბიშოფი, რომელიც ამტკიცებს, რომ მიზეზი კაბელის დაზოგვა და ფინანსური ეფექტურობა იყო.

საბოლოო ჯამში, ამ ისტორიული მოგზაურობის შემდეგაც კი, 100%-იანი პასუხი არ არსებობს. შესაძლოა, ეს ორივე თეორია მითია და ყველაფერი უბრალო შემთხვევითობამ გადაწყვიტა. თუმცა, რეალობისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. Porsche 911 ბევრი თვალსაზრისით არაკონვენციურია: მას აქვს ძრავა უკანა ნაწილში, ინარჩუნებს ერთგულებას კლასიკური დიზაინისადმი უკვე 60 წელია და აქვს გასაღები მარცხნივ. ეს მისი ხასიათის განუყოფელი ნაწილია. ასე იყო და ასეც დარჩება მიუხედავად იმისა, ეს ყველაფერი სპილენძის დაზოგვის სურვილმა გამოიწვია თუ წამის მეათედებისთვის ბრძოლამ ავტოსპორტში.

დატოვე კომენტარი