„M“ დივიზია ავტომობილების ენთუზიასტებს ემოციურ „გამოსამშვიდობებელ საჩუქარს“ უძღვნის. საქმე ისაა, რომ მიმდინარე თაობის M3-ის (G80) სასიცოცხლო ციკლი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ბავარიელმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს, სპორტული სედანი სცენიდან ხმაურიანად გააცილონ. 2027 წლის BMW M3 CS მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და კლასიკური უკანა ამძრავით (RWD) სამყაროს უკანასკნელად მოევლინება.

ეს მოდელი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სწრაფი ავტომობილი. აქ საქმე გვაქვს არა მხოლოდ სიმძლავრის ოპტიმიზაციასთან, არამედ მძღოლისა და ავტომობილის ურთიერთქმედების ხელოვნებასთან. ბავარიელთა 3.0-ლიტრიანი Twin-Turbo ძრავა 473 ცხენის ძალასა და 550 ნ.მ. მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. თუმცა, მთავარი ინჟინრული მიღწევა მისი წონის ოპტიმიზაციაა. BMW-მ ავტომობილი „დიეტაზე“ დასვა და წონა 34 კგ-ით შეამცირა. ეს მიღწეულია ნახშირბადის ბოჭკოს (carbon fiber), ტიტანის მაყუჩებისა და ნაჭედი (forged) დისკების გამოყენებით. თუ მომხმარებელი დამატებით აირჩევს კარბონ-კერამიკულ სამუხრუჭე სისტემას, ავტომობილი კიდევ 14.3 კილოგრამით „დაიკლებს“.

ავტომობილის ოფიციალური წონა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა მარტივი მათემატიკური გათვლებით, ახალი M3 CS დაახლოებით 1,708 კილოგრამს იწონის. მიუხედავად „დიეტისა“, ის 122 კილოგრამით მძიმეა, ვიდრე 2018 წლის F80 M3 CS. ეს ფაქტი მომხმარებლისთვის გაუგებარია, მით უმეტეს, რომ მექანიკური კოლოფი ინჟინრული თვალსაზრისით, უფრო მსუბუქი და მინიმალისტური არქიტექტურა უნდა იყოს, ვიდრე შვიდსაფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის კოლოფი DCT.

„G80“-ის ფინალურ ვერსიაში ინჟინრებმა M4 CSL-ის ამორტიზატორები გამოიყენეს. სავალ ნაწილში განხორციელებულმა ცვლილებებმა კერძოდ, ახალმა ზამბარებმა და მოდიფიცირებულმა უკანა ღერძის ბერკეტებმა, ავტომობილის კლირენსი საბაზისო M3-თან შედარებით 6 მილიმეტრით დაწია, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის კონტაქტს გზასთან. ხოლო დამატებითი 1,100 დოლარის სანაცვლოდ, ბავარიელები წინა „რასპორკას“ (strut bar) გვთავაზობენ მართვის სიზუსტისთვის.

რაც შეეხება დინამიკას: 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 4.1 წამი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე, M Driver’s Package-ის წყალობით, 290 კმ/სთ-ს აღწევს. გულწრფელად რომ ვთქვათ, 290 კმ/სთ თანამედროვე „M“-ისთვის საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია. არავინ სთხოვს M3 CS-ს სწორ მონაკვეთზე ბუგატის დამარცხებას, მაგრამ დღევანდელ სტანდარტებში ეს სიჩქარე აღარავის აკვირვებს.

საბაზისო მოდელის ფასი საკმაოდ სოლიდურია — 108,450 დოლარი. თუ გსურთ რეტრო სტილის ფერები (Techno Violet ან Imola Red), დამატებით 4,500 დოლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო საბაზისო ვერსია მხოლოდ Black Sapphire-სა და Isle of Man Green-ში იქნება ხელმისაწვდომი. ახალი M3 CS შეზღუდული ტირაჟით, ექსკლუზიურად აშშ-სა და კანადის ბაზრებისთვის იწარმოება. წარმოება ივლისში დაიწყება, პირველი ეგზემპლარები კი შემოდგომაზე გამოჩნდება. მზად ხართ, გახდეთ ამ ისტორიული ფინალის ნაწილი?
